ექიმი ვერაზე მომხდარ ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეზე - პაციენტი არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური - ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია და იმყოფება პალატაში - Palitra News

ექიმი ვერაზე მომხდარ ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეზე - პაციენტი არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური - ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია და იმყოფება პალატაში

2026-07-23 15:21:36+04:00

პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია. ამ ეტაპზე ის იმყოფება პალატაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მდგომარეობა არის სტაბილური, არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციის ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.

ექიმის თქმით, ბრალდებული კლინიკაში უკვე ამპუტირებული თითით შეიყვანეს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„კატასტროფის სამედიცინო ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი, მარცხენა ხელის მეორე თითის ამპუტაციით. პაციენტი შემოყვანისას იყო უკვე ამპუტირებული თითით, შესაბამისად, სრული შეფასება, რით იყო ამპუტირებული, ახლა არ შემიძლია. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია.

ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება პალატაში, ქირურგის, ტრავმატოლოგის, ანგიოქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი მდგომარეობა არის სტაბილური, არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური. ის ამჟამად იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაც, შესაბამისად, სხვა ინფორმაციის მოწოდება მე არ შემიძლია“, - განაცხადა ლევან ბესელიამ.

ცნობისთვის, ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.