ონისე ოქრიაშვილი - „ოცნებამ“ რუსული ლოგიკა მოარგო ქართველ ადამიანს, რაც უბრალოდ არ იმუშავებს - წერილი კი იმდენად კარგადაა პროპაგანდის ქსოვილში ჩაქსოვილი, მეეჭვება, მოძალადეს დაეწერა, მგონია, რომ სუს-ში დაიწერა - Palitra News

ონისე ოქრიაშვილი - „ოცნებამ“ რუსული ლოგიკა მოარგო ქართველ ადამიანს, რაც უბრალოდ არ იმუშავებს - წერილი კი იმდენად კარგადაა პროპაგანდის ქსოვილში ჩაქსოვილი, მეეჭვება, მოძალადეს დაეწერა, მგონია, რომ სუს-ში დაიწერა

2026-07-23 19:21:59+04:00

სამიზნე რომ ვარ, წლებია ამას ვხვდები, წლებია ველოდები, რომ შეეცდებიან ჩემთან გასწორებას , - ამის შესახებ იუმორისტმა ონისე ოქრიაშვილმა „პალიტრანისუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ონისე ოქრიაშვილის თქმით, პირველი შემთხვევა არაა, როცა მისი გაშავება სცადეს, სამთავრობო მედიები ხშირად აქვეყნებენ უკონტექსტოდ ამოჭრილ მის ვიდეოებს და მისგან „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობდნენ.

„მე აქამდეც მისწორდებოდნენ უამრავი დრაკონული ჯარიმებით, რომელიც უბრალოდ აქციებში მონაწილეობისთვის მაქვს მიღებული. ეს არ იყო ჩემი გაშავების პირველი მცდელობა, „პოსტვ“ ძალიან ხშირად აქვეყნებდა უკონტექსტოდ ამოჭრილ ჩემს ვიდეოებს თავის პლატფორმებზე, სხვადასხვა ტროლებისა და ბოტების ფეიჯები ხშირად ავრცელებდნენ ჩემს ციტატებს. ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთი დიდი მტრის ხატის შექმნას, რაც რაღაც მომენტში მოგვიყვანდა იმ მომენტამდე, რაშიც ვართ ახლა.

ეს ყველაფერი არ არის ამათი გამოგონილი, ეს ყველაფერი არის ძალიან ბეჯითად და აკურატულად გადმოწერილი უფრო ძლიერი ავტორიტარული რეჟიმების სასწავლო წიგნებიდან და უბრალოდ შეეცადნენ ეს მოერგოთ ქართული რეალობისთვის. ზუსტად ის მგონია ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი საიდუმლო, ამათმა რუსული ლოგიკა პირდაპირ მოარგეს ქართველ ადამიანს და ეს უბრალოდ არ გაამართლებს. ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, სადაც ასეთი წვრილმანების გამო ადამიანებს უსწორდებოდნენ და კვეთდნენ სოციალურად“, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა.

ონისე ოქრიაშვილი მასზე ძალადობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის მიერ გამოქვეყნებულ წერილსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს წერილი სუს-ში დაწერილს ჰგავს, რადგან კარგად ჯდება „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ნარატივში.

„ტექსტი იმდენად პროფესიონალურადაა დაწერილი, იმდენად კარგადაა ქართული პროპაგანდის ქსოვილში ჩაქსოვილი, რომ მეეჭვება, ერთ-ერთ მოძალადეს დაეწერა, უფრო მგონია, რომ სუს-ში დაიწერა ეს მესიჯი, ეს წერილი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს არ იყო გულანთებული ადამიანის დაწერილი, ეს იყო კარგად გააზრებული პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ადამიანების დაშინების მომდევნო ტალღის შესაქმნელად“, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა.