აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დაამტკიცა ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფო მდივანსა და თავდაცვის უწყებას სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შეფასებას ავალებს. ამ ინიციატივას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა. დოკუმენტი ახლა სენატმა უნდა განიხილოს, რის შემდეგაც, დამტკიცების შემთხვევაში, ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნება. საბოლოოდ, სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ საიდუმლო ანგარიში უნდა მოამზადოს, რომლის საფუძველზეც ვაშინგტონი სამომავლო სტრატეგიას განსაზღვრავს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას - ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამ პროცესს „უინტერესოს“ უწოდებს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ის მომავალ პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.