თბილისში რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ღირებულება თითქმის 50 მილიონი ლარია. მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება - შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები, ხოლო საჰაერო სადენები მიწისქვეშ განთავსდება. პროექტი ასევე მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, გზისა და ტროტუარების განახლებას, ასფალტის დაგებას და შშმ პირებისთვის სრულ ადაპტაციას. ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მოეწყობა ახალი გადასასვლელები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ოთხი თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება.