საქართველოს ახალი ელჩის მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, ყურადღების ცენტრში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პერსპექტივა მოექცა. ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები უკვე გადასცა. ის ელჩად გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა, თუმცა შესაბამისი პროცედურა მხოლოდ ახლა დასრულდა. „ქართულ ოცნებაში“ ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ხელისუფლება ურთიერთობების გაუარესებას გერმანიის ყოფილი ელჩის საქმიანობას უკავშირებს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ არსებული პოლიტიკური კურსის პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საფუძველი არ არსებობს.