აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დაამტკიცა ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფო მდივანსა და თავდაცვის უწყებას სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შეფასებას ავალებს. დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისმა უწყებებმა საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა მოამზადონ, რომლის საფუძველზეც ვაშინგტონი რეგიონთან დაკავშირებულ სამომავლო პოლიტიკას განსაზღვრავს. კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა განიხილოს, ხოლო საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს. ინიციატივას საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროცესი „უინტერესოდ“ შეაფასა, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტი აშშ-ის საქართველოს მიმართ მომავალ პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.