მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა დეტალი. თუკი აქ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმე საბოტაჟის ხასიათის ქმედება, ეს ყველაფერი გამოვლენილი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყველა დეტალი უნდა გაირკვეს, რადგან ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა უჩვეულო მოვლენაა.„მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო. მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი გაირკვეს.ვნახოთ რა იქნება გამოძიების შედეგი. მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა დეტალი. თუ კი აქ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმე საბოტაჟის ხასიათის ქმედება, ეს ყველაფერი გამოვლენილი უნდა იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. კერძოდ, უწყების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს".ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით,10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა დაახლოებით დილის რვა საათისთვის დაფიქსირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა. მსგავსი შემთხვევა მოხდა 24 ივლისსაც, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა.