სკოლის პიჯაკი 45, შარვალი და ქვედაკაბა კი 25 ლარი ეღირება - Palitra News

სკოლის პიჯაკი 45, შარვალი და ქვედაკაბა კი 25 ლარი ეღირება

2026-07-26 14:21:49+04:00

საქართველოს განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა. უწყების ცნობით, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით. 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. კომპანია „გლორი ტექსტილ ინდასტრისთან“გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს. განათლების მინისტრის, გივი მინქანაძის განცხადებით, სამინისტროს მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც. ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.