ქუთაისის გზაზე მომხდარი ავარიის დროს ახალგაზრდა ბიჭმა ზედა კიდური დაკარგა, - ამის შესახებ ზესტაფონის კლინიკა ,,ფერომედის" ექიმმა თამარ მახათაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ექიმმა აღნიშნა, დანარჩენი დაშავებულებიდან ხუთს სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება.
„უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია, იდაყვის სახსარში. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პაციენტი გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.
დანარჩენი ხუთი ავადმყოფიდან, რომელიც როგორც ვიცი, უკრაინელები არიან, ახალგაზრდა მამაკაცს და ქალბატონს წელის არეში აქვთ წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა. ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, ცდომის გარეშე, ორი ქალბატონი არის დაჟეჟილობებით", - განუცხადა ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ მახათაძემ "რუსთავი 2"-ს.
ცნობისთვის, დღეს ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც ტურისტული მარშრუტით თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.