ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის, ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის, „ბრექსიტი“ ამის საუკეთესო დასტური იყო - სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, არამედ მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით“.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ პატარა სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია და თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა, თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ.
„სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და გაფართოების პროცესს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა და დღემდე მოვიდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.
ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის. ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის. ბრექსიტი ამის საუკეთესო დასტური იყო.
წევრობა არის საშუალება, რომ ქვეყანამ უფრო საიმედოდ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, გააფართოოს შესაძლებლობები და საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე ისეთი გავლენა მოიპოვოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ზომით, ეკონომიკური წონითა და პოლიტიკური რესურსებით ვერ ექნებოდა.
პატარა სახელმწიფოებისთვის ამ შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია. სწორედ კონსენსუსის წესი უზრუნველყოფს, რომ მცირე ქვეყნის ხმა არ დაიკარგოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და უმრავლესობის არითმეტიკაში. ის პატარა სახელმწიფოს აძლევს უფლებას, დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მოითხოვოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება.
თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა.
ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე.
სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან კარგავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, არამედ თავად სახელმწიფოებრიობას. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად.
დიდი სახელმწიფოებისთვის ასეთი მოდელი შესაძლოა ხელსაყრელიც იყოს, ვინაიდან მათი ზომა, ეკონომიკური წონა და პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისედაც მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს. მაგრამ პატარა ქვეყნებისთვის ეს კატასტროფული ცვლილება იქნება.
ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?
ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება.
თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც.
უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება.
არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს.
კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ.
ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა.
... თუმცა, როგორც ჩანს, იუპიტერს ევროპის მ(ი)ოტაცებაც ეპატიება,” - წერს შალვა პაპუაშვილი.