არჩილ გორდულაძე - ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირასაა - როცა შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება - Palitra News

არჩილ გორდულაძე - ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირასაა - როცა შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება

2026-07-27 12:45:41+04:00

ევროკავშირი ყოველ ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შეიძლება მარტივი კითხვა დავუსვათ - არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტის განულება, როდესაც გვეუბნებიან, რომ კავშირში მიიღებენ ახალ წევრებს, მაგრამ მათ ექნებათ მხოლოდ ვალდებულებები და სიტყვის ამოღების შესაძლებლობაც კი არ ექნებათ?! ამ მარტივ კითხვას უპასუხონ და შემდეგ გადავიდნენ თავიანთ ბელეტრისტიკაზე. რა თქმა უნდა, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. დავსვათ კითხვა - ასეთი ევროკავშირი შეიქმნა და ასეთ პრინციპებზე არის ეს ორგანიზაცია შექმნილი, თუ პირიქით, თანასწორუფლებიანობაზე, რომ პატარა ქვეყნებს დიდი ქვეყნებს, დიდი ეკონომიკის, დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებთან თანაბარუფლებიანად შესძლებოდათ საუბარი?! წესით ამ ყველაფრისთვის უნდა იყოს ევროკავშირი შექმნილი, რომელიც ისევ და ისევ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, არამედ მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით“.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ პატარა სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია და თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა, თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ.

მისივე თქმით, ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება.

„ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც,“ - წერს პაპუაშვილი.