რასაც ეგ საბრალო ბრიყვი [გიორგი ქართველიშვილი] „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის და ანგარიშსწორების ინსპირაციაა ფსევდომორალის სახელით - პატრონი თუ ჰყავს და მყვარებელი, გააგებინეთ, რომ ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
კერძოდ, გვარამია ეხმაურება MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნებას.
„წავიკითხე იმ გონებაჩლუნგი ბიჭის ბოდიალი. ნიშანდობლივი რამე უთქვამს: თუ საჭიროა, ციხეშიც წავალო. პატრონი თუ ჰყავს და მყვარებელი, გააგებინეთ, რომ ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა.
რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის და ანგარიშსწორების ინსპირაციაა ფსევდომორალის სახელით. და ეგ მორევაზე არსად და არასდროს ყოფილა და არც იქნება. არც კუნთები შველის, არც ხელისუფლების მხარდაჭერა, არც ტრადიციებსა და წინაპრებს ამოფარება: ასეთია ძალადობის სპირალის შეუბრალებელი დიალექტიკა.
რაღაც დროს, კიდევ უფრო თავზეხელაღებული, ვინმე „კაი გოგოს ძმა“ ან „კაი ბიჭის შვილი“ 90-იან წლებში გავრცელებულ უბნელეს ფორმულას გაიხსენებს: „სპიცა ღვიძლში“.
ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ: ყველა მიწაში წევს, ვინც ეგ ბოლოს სცადა. არც წინაპრების ტრადიციების მთავარი ფუნდამენტის, ბიბლიის ცოდნა გეტყობათ: „ყველანი, ვინც აიღებენ მახვილს, მახვილითვე დაიღუპებიან“, - წერს გვარამია.
ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა. ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“