პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, სასამართლოში, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაკითხულმა მოწმემ ჩვენებაში განაცხადა, რომ ე.წ. ქოლ ცენტრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მფარველობდა.
დახურული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში ჩვენება სწორედ ლილუაშვილის პერიოდში მოქმედი 5 „ქოლ ცენტრის“ მფლობელი დაიკითხა, რომელმაც ჩვენებაში მათ შორის, ე.წ. კასირი დაასახელა, რომელიც „ქოლ ცენტრებიდან“ ნაღდ ფულს იღებდა. პროკურორის თქმით, ეს პირი გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი ანდრია ლილუაშვილია.
„ერთ-ერთი ეპიზოდი არის კონკრეტული „ქოლ ცენტრების“ მფარველობისათვის გარკვეული ოდენობის ქრთამის აღება. ჩვენ, როცა სასამართლოში მტკიცებულებებს ვიკვლევთ, ბუნებრივია, ამ მიმართულებით, იმ პერიოდისათვის, ვინც დანაშაულებრივი საქმიანობის ამ სქემაში იყო ჩართული, ყველას ვკითხავთ. არ ვსაუბრობ იმაზე, ვინც შესაძლოა, ძებნილი ან გამოძიებისთვის ხელმიუწვდომელი იყოს. დღეს დაიკითხა მოწმე, რომელსაც იმ პერიოდისათვის 5 „ქოლ ცენტრი“ ჰქონდა, თავად განმარტა, რომ საკმაოდ დიდი ზომის „ქოლ ცენტრში“ მენეჯერული ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. ამ ადამიანმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მათი „ქოლ ცენტრის“ მფარველი. ამ ადამიანმა ისაუბრა, რომ მისი „ქოლ ცენტრების“ გარდა, იმ დროისათვის თბილისში ბევრი „ქოლ ცენტრი“ ფუნქციონირებდა და მანვე განმარტა, რომ მეორე მხარეს, ამ „ქოლ ცენტრების“ მფარველობის საკითხში აქტიურად იყო ჩართული სუს-ი. მოწმეები ხშირად იყენებენ ტერმინს - „დაკრიშული“, ხშირად მოიხსენიებენ ტერმინს „ქოლგა“, ამ „ქოლგას“ წარმოადგენდა სუს-ი. მოწმემ გამოიყენა ტერმინი - „კასირი“, ანუ პიროვნება, ვინც „ქოლ ცენტრებიდან“ თანხებს კრეფდა ნაღდი ფულის სახით - ანდრია ლილუაშვილი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეს დაესვა კითხვები, მან გაიხსენა მათ შორის ის მოცემულობა, როცა მასთან გარკვეული პირები იყვნენ მისულები, შესთავაზეს, რომ ერთად ეწარმოებინათ „ქოლ ცენტრების“ მართვა, ამ მოწმეს აეღო მის თავზე ტექნიკური კუთხით მართვა, ხოლო „ქოლგის“ სახით ეს პირები სთავაზობდნენ, რომ მათ უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნებოდა და შესაბამისად, მფარველობას გაუწევდა. დღეს დაკითხული ეს მოწმე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ის იმდენად ბევრ „ქოლ ცენტრთან“ და იმდენად ბევრ პირთან კავშირში იყო, ვინც იმ პერიოდში ამ საქმიანობაში იყო ჩართული, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუნდაც, ანდრია ლილუაშვილთან მიმართებით, თუნდაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მფარველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია... დადგენილია, რომ ანდრია ლილუაშვილი, სანდროს უწოდებენ მას ხშირ შემთხვევაში, იყო ის პიროვნება, ვისი ხელითაც იმართებოდა „ქოლ ცენტრები“ ან ვისი ხელითაც მფარველობდნენ „ქოლ ცენტრებს“...
როგორც მოწმეები ამბობენ, შეთანხმება იყო, რომ ერთმანეთის „ქოლ ცენტრების“ საქმიანობისათვის ხელი არ შეეშალათ. მოგეხსენებათ, რომ ერთი ფლანგი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის იყო, რომლის ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მიხეილ ჩოხელი, ძმები მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და შემდეგ სხვადასხვა „ქოლ ცენტრების მიხედვით იყო ჩაშლა პიროვნებების“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.