ანდრეი სიბიგა - ირანის მუქარა გაუმართლებელი და უსაფუძვლოა - თეირანის რეჟიმი რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა - Palitra News

ანდრეი სიბიგა - ირანის მუქარა გაუმართლებელი და უსაფუძვლოა - თეირანის რეჟიმი რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა

2026-07-27 18:25:12+04:00

ირანის მუქარა გაუმართლებელი და უსაფუძვლოა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ანდრეი სიბიგა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა კასპიის ზღვაში „კომერციულ გემს თავს დაესხა“.

„თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა, რომელიც მოსკოვის დანაშაულებრივ ომს იმ იარაღით ამარაგებს, რომლითაც 2022 წლიდან უკრაინელებს კლავს“, - წერს სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „ირანს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს“.

„თავისი განცხადებებით ირანი ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს შავ ზღვაში სამოქალაქო საზღვაო მიმოსვლაზე რუსული ტერორისგან, რომელიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწევს“, - აცხადებს სიბიგა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანთან დაკავშირებულ გემებს დაარტყა, რომელთაც რუსეთში იარაღი გადაჰქონდათ.

მოგვიანებით, ზელენსკის განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან განიხილა.

„ზელენსკი ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა. ეს გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა, რომელიც ისრაელის დავალებით განხორციელდა ევროპის ომში ჩართვის მიზნით. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კალასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ნათლად განვაცხადე, რომ ის, რაც კიევში მყოფმა მუქთახორამ ჩაიდინა უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს“, - აღნიშნა არაღჩიმ.