თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - დააკავეს ერთი პირი - Palitra News

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - დააკავეს ერთი პირი

2026-07-27 20:55:32+04:00

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, დააკავეს ერთი პირი.

მოქალაქები საკრებულოსთან იდგნენ ფურცლებით, რომლებზეც სხვადასხვა ტექსტები იყო დატანილი, მათ შორის უცენზურო შინაარსის.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქტივისტი, ნოდარ წიწრიაშვილი.

მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოგა მემანიშვილი, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ მოქალაქე “თეთრ ფურცელზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს“, რაზეც მემანიშვილმა თქვა, რომ ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ერთი პირი ადმინისტრაციულად არის დაკავებული.

"რა მნიშვნელობა აქვს თეთრზე იქნება თუ შავზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ვინც დააშავა, ის დავაკავეთ", - განუცხადა მემანიშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს.

მას, ასევე, ჟურნალისტმა ჰკითხა, გუშინდელ აქციაზე მოქალაქეების დაკავების თაობაზე და პოლიციის მხრიდან ქმედებებზე, რაზეც მემანიშვილმა თქვა, რომ დარღვევის შემთხვევაში, უნდა მიმართონ შესაბამის უწყებას და იქნება რეაგირება.

"თუ რაიმე სახის სამართალდარღვევაა, პოლიციელის მხრიდან გადაცდომა, შესაბამის უწყებას შეგიძლიათ მიმართონ, თუ რამე მტკიცებულება გაქვთ, რეაგირება იქნება", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 10 პირი დააკავეს თბილისის საკრებულოსთან, გუშინ, 26 ივლისს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.