ამერიკის საელჩოს შესაბამის პასუხს, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს - ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას - მაშინ კონკრეტულად უნდა თქვან, რატომ [არიან შეშფოთებული], - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.
შარმანაშვილის თქმით, თუ აშშ-ის საელჩოს ამ საკითხის ირგვლივ კითხვები აქვს, მას საქართველოს საგარეო უწყება პასუხს გასცემს.
„ამერიკის საელჩოს შესაბამის პასუხს, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს, რადგან ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და მსგავსი კანონმდებლობა მარტო საქართველოში კი არა, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს. ასე რომ, თუ მათ ეს კითხვა აქვთ, დარწმუნებული ვარ, საგარეო უწყება უპასუხებს.
მაშინ კონკრეტულად უნდა თქვან, რატომ [არიან შეშფოთებული]. მაგალითად, გერმანიის სასამართლო პრაქტიკა სხვანაირად იქცევა? როდესაც მერცის მიმართ გამოყენებული გამონათქვამების გამო ადამიანი დააჯარიმეს - პირდაპირი გინებაც არ ყოფილა - გერმანულმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება.
მაშინ უნდა ითქვას, ეს სასამართლო პრაქტიკა სად არის სწორი. განმარტება იმისა, რომ ევროპელებს შეუძლიათ ამის გაკეთება, ხოლო საქართველოს - არა, ჩვენთვის მიუღებელი და არასწორია. თუ განმარტავენ, რომ ბრიტანული თუ გერმანული სასამართლოების პრაქტიკა არასწორია, მაშინ ჩვენც გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს. მაგრამ თუ იტყვიან, რომ მათ შეუძლიათ და ქართველებს - არა, ეს არის დისკრიმინაცია, სეგრეგაცია და არასწორი მიდგომაა“, - განმარტა შარმანაშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას, შეურაცხყოფასა და სიძულვილის ენას შორის, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე, ამ ზღვრის დადგენა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.
„ყველანაირი ზღვარი სასამართლო პრაქტიკით დგინდება. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია განმარტოს თავისი გადაწყვეტილებებით. თუ ეს გადაწყვეტილებები არასწორად განიმარტება ეროვნული სასამართლოების მიერ, საჩივრდება სტრასბურგში, რომელიც აკეთებს საბოლოო რევიზიას და ადგენს, სწორად განიმარტა თუ არა. ასე რომ, როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე, ამ ზღვრის დადგენა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაპატიმრებასა და ახლად შექმნილ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „შეშფოთებულია ამ სამმართველოს შექმნით.“
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, - განუცხადეს საელჩოში „რადიო თავისუფლებას“.