საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ შეშფოთებას იწვევს და მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული შეფასება საელჩომ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში გააკეთა. საელჩოს განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლებას ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად მიიჩნევს და მტკიცედ ეწინააღმდეგება ცენზურასა და იმ კანონებს, რომლებიც არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად გამოიყენება. საელჩოში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მოითხოვს ოპოზიციის მონაწილეობას სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის პროცესში, ხოლო შეხედულებების მრავალფეროვანი წარმომადგენლობა საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.