გიორგი სიორიძე MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - ასეთი ჯგუფები ჰყავს კადიროვს, ისლამურ სახელმწიფოს და ივანიშვილმაც საქართველო დაამსგავსა ასეთ პოლიტიკურ სისტემას - განგაშის ზარი უნდა იყოს შემოკრული სუს-სა და შსს-ში - Palitra News

გიორგი სიორიძე MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - ასეთი ჯგუფები ჰყავს კადიროვს, ისლამურ სახელმწიფოს და ივანიშვილმაც საქართველო დაამსგავსა ასეთ პოლიტიკურ სისტემას - განგაშის ზარი უნდა იყოს შემოკრული სუს-სა და შსს-ში

2026-07-28 13:36:40+04:00

ასეთი, ლამის პარამილიტარისტული, ჯგუფები ჰყავს ჩეჩნეთში კადიროვს, ირანში ისლამურ სახელმწიფოს, სხვა ველურ ავტორიტარულ რეჟიმებს და სამწუხაროდ, 2026 წელს ივანიშვილმა საქართველო დაამსგავსა ასეთ პოლიტიკურ სისტემას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როდესაც პირთა ჯგუფი აანონსებს იმას, რომ „მათთვის გაურკვეველი ღირებულებების“ დასაცავად ციხეში წასასვლელად არიან მზად, განგაშის ზარი უნდა იყოს შემოკრული სუს-სა და შსს-ში.

სიორიძე განმარტავს, რომ რეაგირების ნაცვლად „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ამ ყველაფრის მოწონება იმის მანიშნებელია, რომ არა მხოლოდ მწვანე შუქი აუნთეს, არამედ დააორგანიზეს ეს ჯგუფები და მათი დავალებით იმოქმედებენ.“

„ქართული ოცნება“ არის რეჟიმი, რომელიც დგას ძალადობასა და ძალმომრეობაზე. რეჟიმი ძალადობს სამართალდამცავი უწყებების მეშვეობით, პარლამენტში შეყრილი სპორტსმენებით, ტიტუშკებით და სხვა არაფორმალური ჯგუფებით. სახელმწიფოში ძალის გამოყენებაზე მონოპოლია აქვს და უნდა ჰქონდეს მხოლოდ სახელმწიფოს. როდესაც პირთა ჯგუფი აანონსებს იმას, რომ ამ მონოპოლიაში სახელმწიფოს შეეცილება და მათთვის გაურკვეველი ღირებულებების დასაცავად მზად არის, რომ ციხეში წავიდეს - აქ განგაშის ზარი უნდა იყოს შემოკრული სუს-ში და შსს-ში, თუმცა ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები ამ ყველაფერს იწონებენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ მათ არამხოლოდ მწვანე შუქი აუნთეს, არამედ დააორგანიზეს ეს ჯგუფები და მათი დავალებით იმოქმედებენ. ასეთი ლამის პარამილიტარისტული ჯგუფები ჰყავს ჩეჩნეთში კადიროვს, ირანში ისლამურ სახელმწიფოს, სხვა ველურ ავტორიტარულ რეჟიმებს და სამწუხაროდ, 2026 წელს ივანიშვილმა საქართველო დაამსგავსა ასეთ პოლიტიკურ სისტემას“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.

ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“