ცალსახად უარვყოფთ ვლადიმერ პუტინის ცრუ მტკიცებებს უკრაინის ვითომდა დაყოფისა და პოლონეთის ამაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ეს არის მოკავშირეებს შორის განხეთქილების დათესვის ცინიკური მცდელობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ პოლონელებს არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც ექნებათ ტერიტორიული პრეტენზიები უკრაინის მიმართ.
„ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსული დეზინფორმაცია მოსკოვის სასტიკი აგრესიისგან ყურადღების გადატანას ვერ შეძლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა „ადრე თუ გვიან დასავლეთ ტერიტორიებს დაკარგავს“.
„სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან უკრაინა ამ დასავლეთ მიწებს დაკარგავს. ის ტერიტორიები, რომლებიც პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს ეკუთვნოდათ, ადრე თუ გვიან - შესაძლოა არა ხვალ, არა ზეგ, ერთ, ორ, 10 ან 15 წელიწადში - მაგრამ ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება“, - აღნიშნა პუტინმა.