ზურაბ ჯაფარიძე - ამ ქვეყანაში, მთავრობის გინება ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, კარგი მთავრობაც რომ იყოს, შეგიძლია მაინც აგინო, ამას ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე - ამ ქვეყანაში, მთავრობის გინება ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, კარგი მთავრობაც რომ იყოს, შეგიძლია მაინც აგინო, ამას ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია

2026-07-28 14:23:09+04:00

ამ ქვეყანაში, მთავრობის გინება ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, კარგი მთავრობაც რომ იყოს, შეგიძლია მაინც აგინო, ვერასდროს ამას ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია, - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის საკრებულოსთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა.

„ბევრჯერ მითქვამს და შემიძლია იგივე გავიმეორო, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელშია და ამას ვერ მოკლავენ, შეუძლებელია. მე რომ ვამბობ ხოლმე, საქართველო არ გახდება რუსეთი-თქო, ამას ვგულისხმობ. ამ ქვეყანაში, ყოველთვის, მთავრობის გინება იყო ჩვეულებრივი ამბავი, კარგი მთავრობაც რომ იყოს, შეგიძლია მაინც აგინო, ვერასდროს ამას ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია. ბანერის გამო დაიჭერენ და სხვანაირ ბანერს გამოიტანენ, მილიონი ბანერი გაჩნდა უკვე. შეუძლებელია, ამას ვერ წაგვართმევენ ქართველებს. ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს, ამაზე იმსჯელებდა. ბანერზე გამოკითხვა იყო, ჰო? როგორ იყო? - „ბიძინა არის ყ... კი/ არა - ეს იყო გამოკითხვა. საქართველოში სხვადასხვა ადამიანის მიმართ განწყობებს სხვადასხვა სიტყვებით გამოვხატავთ. ცუდია, კარგია ძალიან ზოგადია, ვიღაცაზე იტყვი, ყ..ა, პრ...ია, ჩათ...ია, ვირეშმაკაა, ყველას თავისი შინაარსი აქვს. თუ გინდა ადამიანს ჰკითხო რა დამოკიდებულება აქვს ბიძინასადმი, ერთი სხვა რამეს იტყვის, მეორე სხვა რამეს, მესამე სხვა რამეს. შეიძლება ადამიანს აინტერესებდა, იმ შეფასებას რამდენი ადამიანი ეთანხმებოდა. როგორც ჩანს, ბევრი ეთანხმება, თორემ ხომ არ დაიჭერდნენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ასევე, ისაუბრა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობაზე.

„რაში გამოიხატება დალაგება? ჯერ ერთი, ამდენი ხანია ლაგდებიან და რა ვერ დაალაგეს? 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ლაგდებიან და ხან ინაუგურაციას ელოდებიან, ხან იმას, ხან - ამას. ამერიკის კონსტიტუციას აქვს პირველი დამატება, ეს პირველი დამატება გამოხატვის თავისუფლებაზეა. ეს დამატება ამბობს, რომ ამერიკის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესს არ აქვს უფლება, რამე კანონი მიიღოს, რაც ამერიკის მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს, ამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის გამოხატვის თავისუფლება, ევროპას ცოტა სხვა სტანდარტები აქვს, რაღაცებს ზღუდავენ, ესენი ახლა ევროპაზე აპელირებენ, როგორც ევროპაშია, ისე ვაკეთებთო, მაგრამ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია არის ასეთი... ვერაფერსაც ვერ დაალაგებენ, ამას ვამბობთ რამდენი თვეა, გამორიცხულია დაალაგონ, არ ლაგდება ასე, ქაჯებთან არ დალაგდებიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.