ცემა-ტყეპის დეპარტამენტი შეიქმნა საქართველოს მოქალაქეების დასასჯელად და ეს არის მექანიზმი, რომელიც აუცილებლად მივა „ოცნების“ ამომრჩევლებთანაც - ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი თავისი ძალადობრივი ჯგუფით და ამ ორგანიზაციაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ „ქართული ოცნება“
ამ ორგანიზაციას პირდაპირ ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი თავისი ძალადობრივი ჯგუფით და ამ ორგანიზაციაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მსგავსი ორგანიზაციები ჰყავს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში და მათ მფარველობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები.
„მხოლოდ იმისთვის იქმნება ორგანიზაცია, რომ ვიღაცებს ცხვირ-პირი დაალეწონ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეთანხმება, რაღაც კონკრეტულ საკითხში. ვინ არის ქართველიშვილი, რომ საქართველოს სიწმინდეები დაიცვას? ან თუ დასჭირდათ დაცვა სიწმინდეებს, არიან საქართველოში უფრო კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ, თუ ამის აუცილებლობა დადგება. ამ ორგანიზაციას პირდაპირ ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი თავისი ძალადობრივი ჯგუფით და ამ ორგანიზაციაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“. 14 წლის განმავლობაში განსაკუთრებით პირველ წლებში მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მესიად თვლიდა ხალხი ბიძინა ივანიშვილს, ის ქმნიდა სწორედ ასეთ ძალადობრივ დაჯგუფებებს, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ამომრჩევლებს. მე შეგახსენებთ კორცხელის ინციდენტს, რომლის მოძალადეებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და დღეს ისინი კახა კალაძეს ჰყავს დასაქმებული და ხელფასს უხდის მათ. ასეთი „ტიტუშკების“ ორგანიზაციები მათ ჰყავთ ყველა რაიონსა და მუნიციპალიტეტში, რომელსაც მფარველობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უშიშროება, ისინი დავალებებს „ქართული ოცნებისგან“ იღებენ და ამაში ახალი არაფერი არ არის. ცოტა ძნელად წარმოსადგენია, რომ იმ ქვეყანაში, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო ქართველიშვილისგან ან იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრეს-კონფერენციაზე ისხდნენ სჭირდებოდეთ რამის დაცვაში დახმარება. ქართველი ხალხი არ არის მოძალადე და საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებსაც, რომლებიც შედარებით ნორმალურად აზროვნებენ არ მოსწონთ ძალადობა და ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. ხან სქროლვის დეპარტამენტს აკეთებს და ახლა უკვე ცემა-ტყეპის დეპარტამენტიც შეიქმნა საქართველოს მოქალაქეების დასასჯელად. ეს არის ის მექანიზმი, რომელიც აუცილებლად მივა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებთანაც ადრე თუ გვიან“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ ეს ორგანიზაცია მართლაც მზადაა, სიწმინდეები დაიცვას, მაშინ გელათის, საყდრისის და დავით გარეჯის დაცვით უნდა დაიწყოს და წითლიძის თქმით, ისინი თუ მივლენ ამ სიწმინდეების დასაცავად, გამოთქვამს მზაობას, რომ მათთან ერთად წავა ყველა ამ ადგილას და გვერდში დაუდგება მათ.
„საჯაროდ ვიძახი, რომ მზად ვარ, მათთან ერთად წავიდე გელათის და საყდრისის გადასარჩენად და ყველანაირი ბულინგისგან დავიცავ, თუ ისინი დადგებიან და მოაწყობენ აქციას საყდრისთან და დასვამენ კითხვას, თუ რატომ აფეთქდა საყდრისი? ვისი ინტერესი იყო ეს, ბიძინა ივანიშვილის ხომ არა? თუ მოითხოვენ პასუხს, რა ხდება დავით გარეჯთან? საყდრისზე, გელათზე და დავით გარეჯზე უფრო დიდი სიწმინდე და პრობლემა, როდესაც სიწმინდეების დაცვაზე ვსაუბრობთ არ გვაქვს. თუ ის ადამიანები წავლენ მოაწყობენ აქციას და ბიძინა ივანიშვილს ჰკითხავენ, თუ რატომ დაანგრია გელათი მისი ფინანსური ინტერესის გამო? რატომ ააფეთქა საყდრისი? თუ ამას იზამენ ვირწმუნებ, რომ გულწრფელები არიან და მათ გვერდით დავდგები. თუმცა ყველამ კარგად ვიცით ბოლო 14 წელია ეს ორგანიზაციები რატომ იქმნებიან ამ ქვეყანაში“ - განაცხადა ანა წითლიძემ.