პროკურორი - ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დაადასტურა, რომ უსაფრთხოების საბჭოზე არ განხილულა ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებული საკითხი - გიორგი გახარიამ უგულებელყო ყველა ინსტიტუცია და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება - Palitra News

პროკურორი - ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დაადასტურა, რომ უსაფრთხოების საბჭოზე არ განხილულა ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებული საკითხი - გიორგი გახარიამ უგულებელყო ყველა ინსტიტუცია და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება

2026-07-28 20:19:02+04:00

„ჩორჩანას საქმის“ პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, დაადასტურა, რომ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე არ განხილულა.

იაკობიძის განცხადებით, იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიეღო.

მისი განმარტებით, საკითხი უნდა განხილულიყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში, შეთანხმებულიყო პრემიერ-მინისტრთან და კოორდინირებული ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ვლადიმერ ჩაჩიბაია. მოგეხსნებათ, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაია, როგორც გენშტაბის ხელმძღვანელი წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ მოქმედ წევრს. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული საბჭოს სხდომაზე არ განხილულა ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებული საკითხი. აღნიშნული მოწმე წარმოადგენდა მნიშვნელოვან მოწმეს ბრალდების მხარისთვის, რადგან გიორგი გახარიას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება მოიცავს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, შესაბამისად მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს არ გააჩნდა კომპეტენცია ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება და აღემართა საგუშაგო. აღნიშნული საკითხი უნდა განხილულიყო, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში, ისე პრემიერ-მინისტრთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, კოორდინაცია უნდა ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. გიორგი გახარიამ უგულებელყო ყველა აღნიშნული ინსტიტუცია და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება“,- განაცხადა პროკურორმა.