სასკოლო ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულება 95 ლარით განისაზღვრა, რასაც ოპოზიცია დამატებით ფინანსურ ტვირთად აფასებს. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ერთი კომპლექტი სასწავლო წლის განმავლობაში საკმარისი არ იქნება და ოჯახების უდიდეს ნაწილს მინიმუმ ორის შეძენა მოუწევს. მისივე შეფასებით, ეს თითოეულ ბავშვზე დაახლოებით 200 ლარის დამატებით ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი განსაკუთრებით მძიმე ტვირთი იქნება. ჩერქეზიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი სასკოლო ფორმების შეცვლა კი არა, განათლების სისტემის ხარისხიანი რეფორმა, თანამედროვე სკოლები და უფასო კვების პროგრამა უნდა იყოს.