ირაკლი კუპრაძე - მოსახლეობას 6 მილიარდიან ინვესტიციას ჰპირდებოდნენ და არაფერი ჩანს - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს, ამიტომ გაასაიდუმლოვა „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულება, რომ დაემალა, როგორ გაძარცვა თქვენი სიმდიდრე - Palitra News

ირაკლი კუპრაძე - მოსახლეობას 6 მილიარდიან ინვესტიციას ჰპირდებოდნენ და არაფერი ჩანს - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს, ამიტომ გაასაიდუმლოვა „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულება, რომ დაემალა, როგორ გაძარცვა თქვენი სიმდიდრე

2026-07-29 11:38:00+04:00

არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს - მოსახლეობას 6 მილიარდიან ინვესტიციას ჰპირდებოდნენ და არაფერი ჩანს - არც 6 მილიარდი, არც ინვესტიცია, არც ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არაბული ინვესტიციების განხორციელების კუთხით, ყველა პირობა დაირღვა.

კუპრაძე აღნიშნავს, რომ ინვესტორთა ქვეყნების ჩამონათვალში არაბული მხარე არც კი ფიგურირებს.

„ანტიქართული ოცნების“ ე.წ. პრემიერმა საზოგადოებას თავი არაბული სამშენებლო კომპანიის „პრომობიჭუნად“ დაამახსოვრა. ყველა პირობა დაირღვა. მოსახლეობას 6 მილიარდიან ინვესტიციას ჰპირდებოდნენ და არაფერი ჩანს - არც 6 მილიარდი, არც ინვესტიცია, არც ინფრასტრუქტურა. არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს. ამიტომაც გაასაიდუმლოვა „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულება, რომ დაემალა, როგორ გაძარცვა რეალურად, თქვენი სიმდიდრე. საქართველოს შუაგულში, დედაქალაქთან ძალიან ახლოს, ვიღაც არაბულ კომპანიას აჩუქა [ტერიტორიები], რომლის უკანაც, თითქმის დარწმუნებული ვარ, თავად ივანიშვილი, კობახიძეები და სხვები დგანან. არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, როგორ შეიძლებოდა კომპანიისთვის გეჩუქებინა ასეთი დიდი სიმდიდრე, 6 მილიარდი ინვესტიციის დაპირება ყოფილიყო და არაფერი შემოსულიყო. 1 წელი გავიდა, არანაირი ინვესტიცია არ შემოსულა. ინვესტორთა ქვეყნების ჩამონათვალში არც კი ფიგურირებს ის არაბული მხარე, რომელსაც უკვე უნდა შემოეტანა ამ ქვეყანაში მინიმუმ, ასეულობით მილიონი ინვესტიცია. ეს არის მძიმე ტყუილი, რასაც თან ახლავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და აუცილებლად დაისჯება თითოეული ადამიანი იმ ძარცვისთვის, რაც საქართველოს ამ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების პირობებში გაუკეთეს,“ - განაცხადა კუპრაძემ.