გიორგი სიორიძე - გუშინ, პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში - ამას ერთი და ორი პირის დემონსტრაციულად გასამართლება არ უშველის - Palitra News

გიორგი სიორიძე - გუშინ, პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში - ამას ერთი და ორი პირის დემონსტრაციულად გასამართლება არ უშველის

2026-07-29 11:49:59+04:00

გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში - ამ სისტემურ კორუფციას არ უშველის ერთი და ორი პირის დემონსტრაციულად გასამართლება - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ კორუფცია მანამდე არნახულ მასშტაბსა და დონეზე აიყვანა.

„გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხალხის ფულის გაყოფაში. მაშინ, როდესაც გუნდში, ივანიშვილის კარზე, გადაწყვეტენ, რომ ვიღაც უნდა გაიწიროს, ვხედავთ, რომ ან თანამდებობას ატოვებინებენ, ან საერთოდაც ციხის გზას გაუყენებენ ხოლმე. ეს არის ის, რაზეც ჩვენ, „ძლიერი საქართველო- ლელო“, თავისუფალი მოქალაქეები, ოპოზიციური სპექტრი წლებია ვსაუბრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში შექმნა სისტემური კორუფცია, კორუფცია აიყვანა, მანამდე არნახულ მასშტაბსა და დონეზე, ამას აკეთებენ როგორც პრემიერ - მინისტრების, მინისტრების დონეზე, ასევე, სახელმწიფო აპარატის ყველაზე დაბალი რგოლების მეშვეობით.

ამ სისტემურ კორუფციას არ უშველის ერთი და ორი პირის დემონსტრაციულად გასამართლება. სისტემური კორუფცია დამარცხდება ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის ცვლილებასთან ერთად“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია.