ზვიად შალამბერიძე - ოპოზიცია ჯო უილსონს მაშინ გამოაგორებენ ხოლმე, როცა სჭირდება - მართლა მეცოდება ოპოზიცია, რომ მათი ერთადერთი მოსაჭიდებელი ეს ადამიანია - Palitra News

ზვიად შალამბერიძე - ოპოზიცია ჯო უილსონს მაშინ გამოაგორებენ ხოლმე, როცა სჭირდება - მართლა მეცოდება ოპოზიცია, რომ მათი ერთადერთი მოსაჭიდებელი ეს ადამიანია

2026-07-29 14:07:33+04:00

როგორც კი ამერიკის საელჩომ განცხადება გააკეთა, მაშინვე გამოჩნდა ხავსს მოკიდებული და მოჭიდებული პოლიტიკოსი [ჯო უილსონი] - ჩვენი აგენტურა, ოპოზიცია მართლა მეცოდება, რომ მათი ერთადერთი მოსაჭიდებელი ჯო უილსონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან კონგრესმენი, ჯო უილსონის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანს მხოლოდ მაშინ „გამოაგორებენ ხოლმე, როცა სჭირდებათ“.

„ჯო უილსონის ისევ გამოგორება საინტერესო ფაქტია, რადგან ის კანონი რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, რომელსაც აპროტესტებს. მან განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის საელჩოს განცხადება ვიხილეთ. მანამდე მას სიმამაცე არ ეყო ან ინფორმაცია არ ჰქონდა. როგორც კი ამერიკის საელჩომ განცხადება გააკეთა, მაშინვე გამოჩნდა ხავსს მოკიდებული და მოჭიდებული პოლიტიკოსი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ჯო უილსონი რაიმე კანონპროექტებს ამზადებს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადდება, რომლებსაც კანდელაკები და ძმანი-დანი მისნი წარმოადგენენ და ეს პროექტი მასთან გაიგზავნება. ჯო უილსონი კი, როგორც აქამდე, კანონპროექტს წაიკითხავს. როცა სჭირდებათ, ამ ადამიანს მაშინ გამოაგორებენ ხოლმე. ჩვენი აგენტურა, ოპოზიცია მართლა მეცოდება, რომ მათი ერთადერთი მოსაჭიდებელი ჯო უილსონია“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება.

მანვე დააანონსა, რომ მალე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც „წინააღმდეგობას გაუწევს ამ „ვოუქ“ ცენზურას“.

მანამდე, საქართველოში აშშ-ს საელჩომ „რადიო თავისუფლების“ კითხვას, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაპატიმრებასა და ახლად შექმნილ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“, უპასუხა, რომ „შეშფოთებულია ამ სამმართველოს შექმნით.“

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, - განუცხადეს საელჩოში „რადიო თავისუფლებას“.