ირაკლი ჭეიშვილი - ჯო უილსონს ყოველ კვირაში ახალი იდეები აქვს, საქართველო არ უყვარს და პროცესების ესკალაციას ცდილობს - ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბოს და რა გადატვირთვაზეა საუბარი? გადატვირთვა არ მოსწონს - Palitra News

ირაკლი ჭეიშვილი - ჯო უილსონს ყოველ კვირაში ახალი იდეები აქვს, საქართველო არ უყვარს და პროცესების ესკალაციას ცდილობს - ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბოს და რა გადატვირთვაზეა საუბარი? გადატვირთვა არ მოსწონს

2026-07-29 14:42:57+04:00

ჯო უილსონის მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გაფუჭებას ემსახურება - ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბოს და რა გადატვირთვაზეა საუბარი? ჯო უილსონს გადატვირთვა არ მოსწონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ უილსონი ახალ კანონპროექტს აინიცირებს, „ამის მიზანი იქნება, დამკვეთებს დაანახოს, თითქოს, რა ცუდია საქართველოს ხელისუფლება და როგორ არ შეუძლია საქართველოს ამერიკასთან პარტნიორობა.“

„ჯო უილსონის განცხადებები ანტიქართულია. მის მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გაფუჭებას ემსახურება. ამ ადამიანს ყოველ კვირაში ახალი იდეები აქვს, ხან ჩინეთიზაციას გვაბრალებს, ხან რუსეთიზაციას... ჯო უილსონს საქართველო არ უყვარს და პროცესების ესკალაციას ცდილობს. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბოს და რა გადატვირთვაზეა საუბარი? ჯო უილსონს გადატვირთვა არ მოსწონს და ეს არ ახარებს როგორც მას, ასევე მის დამკვეთებს. „დიფ სთეითის“ მიზანია, საქართველო რაც შეიძლება დაკნინებული იყოს ამერიკის ხელმძღვანელობის წინაშე, რომ ურთიერთობა არ გადაიტვირთოს.

ახალ კანონპროექტს თუ აინიცირებს, ამის მიზანი იქნება, დამკვეთებს დაანახოს, თითქოს, რა ცუდია საქართველოს ხელისუფლება და როგორ არ შეუძლია საქართველოს ამერიკასთან პარტნიორობა. ამ ადამიანს ფულს უხდიან და ასე ამიტომ აქტიურობს. ჯო უილსონს კონკრეტული აქტის დაინიცირებაში კონკრეტულ თანხას უხდიან და ამიტომ არის ასეთი აჟიტირებული“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება.

მანვე დააანონსა, რომ მალე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც „წინააღმდეგობას გაუწევს ამ „ვოუქ“ ცენზურას“.

მანამდე, საქართველოში აშშ-ს საელჩომ „რადიო თავისუფლების“ კითხვას, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაპატიმრებასა და ახლად შექმნილ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“, უპასუხა, რომ „შეშფოთებულია ამ სამმართველოს შექმნით.“

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, - განუცხადეს საელჩოში „რადიო თავისუფლებას“.