დაიკითხნენ ექსპერტები და დადასტურდა, რომ ბადრი პატარკაციშვილი ერეკლე კოდუასთან საუბარში იმაზე ბევრად მძიმე, იმაზე ბევრად კონკრეტულ და იმაზე ბევრად აქტიურ ქმედებებზე საუბრობდა, რაზეც ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ხელისუფლება ხალხს ციხეში უშვებს, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილის მშვიდობის სიმბოლოდ გამოცხადება, ქართული სახელმწიფოს დაცინვაა.
“დაიკითხნენ ექსპერტები და დადასტურდა, რომ ბადრი პატარკაციშვილი ერეკლე კოდუასთან საუბარში იმაზე ბევრად მძიმე, იმაზე ბევრად კონკრეტულ და იმაზე ბევრად აქტიურ ქმედებებზე საუბრობდა, რაზეც ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ხელისუფლება ხალხს ციხეში უშვებს.
ჩანაწერში ბადრი პატარკაციშვილი ამბობდა, რომ მას ჯერ არ დაუწყია გასროლა, რომ “მინისტრის დაცვა უნდა დააძინონ”, რომ “მინისტრი უნდა დააპატიმრონ”. ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ 7 ნოემბერი ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტება, თორემ ბადრი პატარკაციშვილი კანონის ფარგლებში მოქმედებდა და ასევე, მისი მშვიდობის სიმბოლოდ გამოცხადება, ეს ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს დაცინვაა”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.