ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთერთ მთავარ თემად რჩება. ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო განცხადებას ევროპული კურსიდან კიდევ ერთ გადახვევად აფასებს. შალვა პაპუაშვილის პოზიციით, გარკვეულ ვითარებაში მცირე სახელმწიფოსთვის ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა უფრო მომგებიანი იყოს, რადგან, მისივე შეფასებით, ასეთ დროს პატარა ქვეყნებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა შენარჩუნდებათ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი ისეთი მართვის მოდელისკენ იხრება, რომელიც წევრი სახელმწიფოების თანასწორ უფლებებს ზღუდავს - „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ რომ ეს საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.