პაატა დავითაია - აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დარჩეს აღიარების მხრივ იზოლაციაში - მოვუწოდებ საგარეო უწყებას, გააქტიუროს მუშაობა, რათა მოხდეს აღიარების უკან წაღება სირიის და ვენესუელას მხრიდანაც - Palitra News

პაატა დავითაია - აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დარჩეს აღიარების მხრივ იზოლაციაში - მოვუწოდებ საგარეო უწყებას, გააქტიუროს მუშაობა, რათა მოხდეს აღიარების უკან წაღება სირიის და ვენესუელას მხრიდანაც

2026-07-29 17:39:05+04:00

მივესალმები ნაურუს გადაწყვეტილებას აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების უკან წაღებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა მოჰყვეს გარდატეხა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების პოლიტიკაში, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააქტიუროს მუშაობა, რათა მოხდეს იგივე გადაწყვეტილების მიღება - აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების უკან წაღება, სირიის და ვენესუელას მიერ.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგია, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან და არა მათთან დაპირისპირების რეჟიმში ყოფნა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი, მოგვწონს თუ არა, ყველა მთავრობის და ხელისუფლების საზრუნავი უნდა იყოს და მასში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

აქვე მინდა მოვუწოდო საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააქტიუროს მუშაობა, რათა მოხდეს იგივე გადაწყვეტილების მიღება - აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების უკან წაღება სირიის და ვენესუელას მიერ, მით უმეტეს, რომ შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უკვე არსებობს ბევრი წინაპირობა ამისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მოხდეს გარდატეხა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების პოლიტიკაში, რათა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დარჩეს იზოლაციაში ამ მიმართულებით, როდესაც მათ აღიარებთ მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფო - რუსეთი.

სახელმწიფომ უნდა გააქტიუროს მუშაობა, რათა განხორციელდეს პრევენციული ნაბიჯები ანექსიის წინააღმდეგ, რასაც ამზადებს და ახორციელებს რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით”, - აცხადებს პაატა დავითაია.