დავით სიხარულიძე - საქართველოს ეროვნული ინტერესი სირიისა და ვენესუელას მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაა, ორვეგან უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობა და არა პარტნიორების ლანძღვა - Palitra News

დავით სიხარულიძე - საქართველოს ეროვნული ინტერესი სირიისა და ვენესუელას მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაა, ორვეგან უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობა და არა პარტნიორების ლანძღვა

2026-07-29 20:11:46+04:00

საქართველოს ოქროს შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს, რომ მეგობრების დახმარებით უკან წააღებინოს აღიარება ნაურუზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან სახელმწიფოებს: სირია, ვენესუელა , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

დავით სიხარულიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებული უნდა იყოს არა პარტნიორების ლანძღვით და თავდასხმებით, არამედ სწორედ პარტნიორების დახმარებით საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი თემების წინ წამოწევით.

„ჩვენი არაღიარების პოლიტიკა ყოველთვის დაფუძნებული იყო ჩვენს პარტნიორებზე, აშშ-ზე, ევროკავშირის ქვეყნებზე, მათ გაცილებით მეტი ბერკეტები აქვთ. ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაღიარების პოლიტიკაში ჩვენი მეგობრების წვლილი და ისინი ყოველთვის მხარში გვედგნენ. საქართველოს ოქროს შესაძლებლობა ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს, რომ მეგობრების დახმარებით უკან წააღებინოს აღიარება გაცილებით უფრო მნიშვნელოვან სახელმწიფოებს: სირია, ვენესუელა. სირიაში ასადის სისხლიანი რეჟიმი დაეცა და ახლა გვჭირდება გარკვეული ურთიერთობები აშშ-თან და ევროკავშირთან, ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის. ვენესუელაში თავის დროზე ჭკუიდან შემცდარმა უგო ჩავესმა აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებული უნდა იყოს არა პარტნიორების ლანძღვით და თავდასხმებით, არამედ სწორედ პარტნიორების დახმარებით საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი თემების წინ წამოწევით. თავიანთი პარტიული, კლანური ინტერესების გამომხატველად კი არ უნდა იქცეს საგარეო საქმეთა სამინისტრო არამედ რეალურად საქართველოს ეროვნული ინტერესების. საქართველოს ეროვნული ინტერესი სწორედ აღიარების უკან წაღებაა სირიისა და ვენესუელას მიერ. ორივეგან რეჟიმი დაცემულია და უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობა. ამაზე უნდა იყოს ყველაფერი და არა პარტნიორების ლანძღვაზე“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაურუმ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. უწყების ცნობით, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.