საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს - Palitra News

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

2026-07-29 20:51:24+04:00

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს . შესაბამისი განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.

პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

ასევე, პრემიერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში, არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და შესაბამისად ისიც სექტემბერში გაუქმდება.

რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო სექტემბრის პირველ კვირამდე, მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს ვიცე პრემიერის მოვალეობას. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ.

დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში, არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, ბატონი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მადლობა მინდა გადავუხადო კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალ პროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.

ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულებაც, მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია “ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.