ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა კვლავ პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო განცხადებას ქვეყნის ევროპული კურსიდან კიდევ ერთ გადახვევად აფასებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გარკვეულ გარემოებებში მცირე სახელმწიფოსთვის ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა უფრო ხელსაყრელი იყოს, რადგან, მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში პატარა ქვეყნებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების მეტი შესაძლებლობა ექნებათ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ისეთი მართვის მოდელს ავითარებს, რომელიც წევრი სახელმწიფოების თანასწორ უფლებებს ზღუდავს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.