პრემიერმა, კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა - ასევე, გაათავისუფლა მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და ამ პოსტზე მიხეილ კიკნაძე დანიშნა. ის ამ ეტაპზე კულტურის მინისტრის მოვალეობასაც შეასრულებს. ამ დრომდე, მიხეილ კიკნაძე კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო. თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, განაცხადა. „ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არ აქვთ საფუძველი, დასახელებულ მიზეზში ეჭვი შეიტანონ.