ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტროს” განცხადებით, ნაურუზე განხორციელდა „უპრეცედენტო ზეწოლა" მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაწყვეტად. გავრცელებული განცხადებით , აფხაზეთის რესპუბლიკისა და ნაურუს რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარება მუდმივად აწყდებოდა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინააღმდეგობას. მათი სიტყვებით,ნაურუს წინააღმდეგ ამოქმედებულ იქნა დახრჩობისა და იძულების დაუშვებელი მეთოდების მთელი არსენალი, უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.