ბანკების მიერ გაცემული სესხები ისევ გაიზარდა - Palitra News

ბანკების მიერ გაცემული სესხები ისევ გაიზარდა

2026-07-30 13:49:20+04:00

ბანკების მიერ გაცემული სესხები ისევ გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, ივნისის სტატისტიკის მიხედვით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 75 მილიარდ 430 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1.3 მლრდ ლარით (1.75%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ანგარიშით, ზრდა ფიქსირდება ბოლო ერთი წლის ჭრილშიც. კერძოდ, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.47% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.29%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ივნისის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ დაახლოებით 11.5 მილიარდი ლარის სესხი, ხოლო უცხოური ვალუტით 21.5 მილიარდ ლარზე მეტი. ამ წლის ივნისში 1.78%-ით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 40 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.37% შეადგინა.