საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, დანახარჯები კი შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ წლის იანვარ-ივნისში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 272 964 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0.1%-ით მეტია.
ამავე მონაცემებით, მიუხედავად ჯამური ზრდისა, მეორე კვარტალში კლება ფიქსირდება. კერძოდ, საქართველოში აპრილ-ივნისის პერიოდში 1 275 435 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით ნაკლებია.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებითვე, 2026 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ ჯამურად, 3 მილიონს გადააჭარბა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ესეც 3.3%-ით ნაკლებია. შესაბამისად, ოფიციალური მონაცემების თანახმად, შემცირებულია ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. წლის 1-ელ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა და 1.9 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მეორე კვარტალს, აპრილ-ივნისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.8%-ით იკლო და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ ფონზე წლის პირველ ნახევარში საქართველოში გაზრდილია რუსი ვიზიტორების რიცხვი. ასე მაგალითად, იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების 610 825 ვიზიტი შედგა, რაც 5.1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მიუხედავად ვიზიტების ზრდისა, მცირდეით შემცირებულია რუსი ტურისტების მიერ გაწეული ხარჯები. ეროვნული ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით, მიმდინარე წელს რუსი ვიზიტორი საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ, 502 დოლარს ხარჯავდა, მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 529 დოლარი გამოდიოდა.