სებ-მა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა - Palitra News

სებ-მა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა

2026-07-30 13:50:54+04:00

სებ-მა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა. ამ წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია კვლავ ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება“, - ამის შესახებ საუბრობს ეროვნული ბანკის ანგარიში. სებ-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაციის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობა ისევ გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე საბაზრო ტენდენციები მიუთითებს, რომ ფასები წინა ესკალაციის პერიოდში დაფიქსირებულ დონესთან შედარებით დაბალია. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ინფლაციის შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორი, რომელიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ივნისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.2 პროცენტი შეადგინა.თუმცა, მომსახურების ინფლაცია 4.1 პროცენტამდე დაჩქარდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ საბაზო ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მიუხედავად, მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკები კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ამასთანავე, სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. კერძოდ, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2% იქნება. აღსანიშნავია, რომ იქამდე სებ-ი პროგნოზირებდა, რომ წელს ინფლაცია საშუალოდ 4.9 პროცენტი იქნებოდა.