ცოტნე კობერიძე - ქართულ პოლიტიკაში თანამდებობიდან გაშვების ორი გზაა: აწერინებ განცხადებას, რომ ცუდადაა, ან ელიტური, უქმნი საკუთარ სამინისტროს - ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უფრო მეტად შემოვიდა, ვიდრე აქამდე იყო - Palitra News

ცოტნე კობერიძე - ქართულ პოლიტიკაში თანამდებობიდან გაშვების ორი გზაა: აწერინებ განცხადებას, რომ ცუდადაა, ან ელიტური, უქმნი საკუთარ სამინისტროს - ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უფრო მეტად შემოვიდა, ვიდრე აქამდე იყო

2026-07-30 20:22:00+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, ახალი სამინისტროების შექმნა თანამდებობიდან გაშვების „ელიტური“ ფორმაა.

როგორც კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ქართულ პოლიტიკაში თანამდებობიდან გათავისუფლების ორი გავრცელებული პრაქტიკა არსებობს. მისი თქმით, ერთ შემთხვევაში თანამდებობის პირს განცხადებას აწერინებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, ხოლო მეორე, „უფრო ელიტური“ გზა მისთვის ახალი სამინისტროს შექმნაა.

„ქართულ პოლიტიკაში თანამდებობიდან გაშვების ორი გზა არსებობს: აწერინებ განცხადებას, რომ არის ცუდად. მეორე ვარიანტია უფრო ელიტური, რომელსაც ვერ ელევიან - უქმნიან საკუთარ სამინისტროს. ჩვენ ვნახეთ ეს ლილუაშვილთან, წულუკიანთან დაკავშირებით. რატომ ვერ უნდა თქვა ჩვენ მიერ დაქირავებულ კაცს, რომ უშვებ, ხომ უნდა აიხსნას რის გამო უშვებ. ჩვენ გვყავს ნანახი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაუშვეს და შემდეგ მონასტერში წავიდა. ადამიანები გვყავს ნანახი, რომლებიც გაუშვეს და მერე თავს იკლავენ. მეორე არის ყველაზე კარგი, ხელფასიანი შვებულება რომ მოგცენ - სამინისტროების შექმნა.

არაფორმალური მართვის ინსტიტუციად მოიფიქრეს, როგორც საპატიო თავმჯდომარე. ამ შემთხვევაში უნდათ არაფორმალური სპიკერი. როცა პარლამენტში იყო, უმრავლესობის სპიკერი იყო. ამ ნაწილში, რადგან არ არის პარლამენტში, რეგალია მისცეს და ყველაზე კარგად დააფასეს - შეუქმნეს სამინისტრო. ეს არის არაფორმალური მმართველობით გამოწვეული ხინჯები“,- განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, კობერიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, ამ ეტაპზე კობახიძე პოლიტიკურად უფრო გაძლიერებულია.

მისივე შეფასებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ახლა უფრო აქტიურად არის ჩართული, ვიდრე წარსულში, და მიმდინარე გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც სწორედ მას ეკისრება.

„ამ ეტაპზე კობახიძე დაწინაურებულია. სულ არის ჭორი მის გაშვებასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში სხვა პერსონებთან შედარებით ყველაზე ძლიერია. მის ხელში იყო საპარლამენტო გუნდი, ახლა აღმასრულებელშიც პირველი პირია. ვინც ყოფილი იყო, ყველა დაიჭირა. არ ვიცი, როგორ მოხდება ცვლილებები, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უფრო მეტად შემოვიდა, ვიდრე აქამდე იყო. ახლა უკვე მის პასუხისმგებლობის ქვეშ ხდება ყველაფერი. ახლა ვეღარ იტყვი - შეიძლება ბიძინამ არ იცოდეს. დღეს პოლიტიკაში ბოლომდეა შემოსულია“,- განაცხადა კობერიძემ.