საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს. მისი განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, წინააღმდეგობა გაუწიოს, მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. უილსონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს კიდევ ერთხელ იმეორებს და აცხადებს, რომ საკითხის დაყენებას აშშ-ის კონგრესში გეგმავს. მმართველ გუნდში კი ამ შეფასებებს არ ეთანხმებიან. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კონგრესმენის სიტყვები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დამატებით დაძაბვას ემსახურება.