შერეული ორთაბრძოლების მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი ორგანიზაციის დაფუძნების პარალელურად, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საინიციატივო ჯგუფს ქმნიან, რომლის მიზნად ქართული იდენტობის, ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო მშვიდობის დაცვას ასახელებენ. ახალი მოძრაობების შექმნა პოლიტიკურ სპექტრში აქტიური განხილვის საგანია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის“ სახელით ორგანიზაციის შექმნა სამართალდამცავი სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს და, მათივე შეფასებით, პოლიციის ინსტიტუტის შეურაცხყოფაა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივები საზოგადოებაში პოლარიზაციასა და დაპირისპირებას იწვევს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნა დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ყველა ახალ სამოქალაქო ინიციატივას დადებითად აფასებენ.