Financial Times - დონალდ ტრამპის განცხადებით, დარწმუნებული არ არის, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების შექმნის უფლებას მისცემს - Palitra News

Financial Times - დონალდ ტრამპის განცხადებით, დარწმუნებული არ არის, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების შექმნის უფლებას მისცემს

2026-07-31 13:14:35+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების ნებართვას, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, FT-თან სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას და დასძინა, რომ ამ საკითხს განიხილავენ.

„ეს ძალიან არაჩვეულებრივი იარაღია და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვის ვაძლევთ ლიცენზიებს. ჩვენ რეალურად არ გავცემთ აღჭურვილობის ლიცენზიას“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული კომენტარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ გააკეთა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრამ „კარგად“ ჩაიარა და რომ ორმა ლიდერმა Patriot-ის რაკეტების წარმოება და რამდენიმე სხვა საკითხი განიხილა. მისი თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის ლიცენზიების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ივლისის დასაწყისში, თურქეთში ნატო-ს სამიტზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს.