ბადრი ნათობაძეს, იგივე „ბადუკას“, ციხეში, გიორგი მიქაძის მიმართ ე.წ. შუმოკის მოწყობის გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - Palitra News

ბადრი ნათობაძეს, იგივე „ბადუკას“, ციხეში, გიორგი მიქაძის მიმართ ე.წ. შუმოკის მოწყობის გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2026-07-31 15:42:45+04:00

ბადრი ნათობაძეს, იგივე „ბადუკას“, რომელიც ციხეში სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის სასჯელს იხდის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მიქაძის მიმართ ციხეში განხორციელებული სადამსჯელო მოქმედებების, მათ შორის, ე.წ. შუმოკის მოწყობის გამო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასთან ერთად ბრალდებულები იყვნენ - „კანონიერი ქურდი“ კაკო ტუღუში, ⁠ლევან მოისწრაფიშვილი, ⁠ნოდარ ნიშნიანიძე, ⁠თამაზ მეფარიშვილი, ნანა მეფარიშვილი და გიორგი კირთაძე.

ბრალდების მიხედვით, „კანონიერი ქურდები“ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მიქაძის სასჯელაღსრულების N6-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, ციხეში მყოფ მსჯავრდებულებს დაუკავშირდნენ და გიორგი მიქაძის მიმართ სადამსჯელო მოქმედებების, მათ შორის, ე.წ. პრაგონისა და ე.წ. შუმოკის განხორციელება დაავალეს.

უფრო კონკრეტულად, „ქურდული სამყაროს“ წევრებს „კანონიერი ქურდი“ კაკო ტუღუში დაუკავშირდა. „ქურდული სამყაროს“ წევრი ლევან მოისწრაფიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა თავისუფლებაში მყოფ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ გიორგი კირთაძეს, რომელსაც თხოვა სხვა ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაკავშირებოდა საზღვარგარეთ მყოფ ასევე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ თამაზ მეფარიშვილს. ის კი სხვა ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით დაუკავშირდებოდა „კანონიერ ქურდს“ კაკო ტუღუშს.

ბრალდების მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რა დროსაც, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული პირების ქმედება უარყოფითად შეფასდა. ამავე ბრალდების მიხედვით, „კანონიერმა ქურდმა“ კაკო ტუღუშმა, ლევან მოისწრაფიშვილს “კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე იყვნენ მათთვის მიუღებელი სტატუსის მატარებელი პირები, რომელთა მიმართაც სადამსჯელო მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ, ხოლო, ვინც მათ მხარს არ დაუჭერდა, ავტომატურად გახდებოდნენ მათთვის მიუღებელი სტატუსის მატარებლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კანონიერი ქურდს“ კაკო ტუღუშს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის საქართველოს სსკ-ის 223(1)-ე მუხლის მე-2 ნაწილით იქნა დამნაშავედ ცნობილი.

ბადრი ნათობაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 223(1)-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქურდული სამყაროს მხარდაჭერას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ლევან მოისწრაფიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 223(1)-ე მუხლის პირველი ნაწილით და სააჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ნოდარ ნიშნიანიძე დაუსწრებლად ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 223(1)-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, დაუსწრებლად იქნა დამნაშავედ ცნობილი ⁠თამაზ მეფარიშვილი სსკ-ის 223(3)-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

⁠ამავე საქმეზე ბრალდებული ნანა მეფარიშვილიც ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 223(3)-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუმცა, მასთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა და მას სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლით პირობითი მსჯავრი. ასევე, ამავე საქმეზე გიორგი კირთაძეც ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 223(3)-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუმცა, მასთანაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მას სასჯელის სახედ განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი.

ცნობისთვის, მსჯავრდებულებს შორის ერთ-ერთი, ბადრი ნათობაძე, იგივე ბადუკა სასჯელს 2016 წელს სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის იხდის. „ბადუკას“ 19 წლით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.