განათლების მინისტრი დეზინფორმაციულს უწოდებს ინფორმაციას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად, სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება დასჭირდება - Palitra News

განათლების მინისტრი დეზინფორმაციულს უწოდებს ინფორმაციას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად, სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება დასჭირდება

2026-08-01 10:46:59+04:00

განათლების მინისტრი გივი მიქანაძეგანმარტავს, რა პირობის დაკმაყოფილება მოუწევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს იმისთვის, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსება შეინარჩუნოს.

მინისტრი დეზინფორმაციულს უწოდებს ინფორმაციას, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად, სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება დასჭირდება, მისი განმარტებით, საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების მოპოვებაზე.

„ვრცელდება დეზინფორმაციული ხასიათის მოცემულობა, რომ თურმე საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრებადობა იმისთვის, რომ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, რათა კრედიტი დაუფიქსირდეს. ამ შემთხვევაში მას უკვე კრედიტი უფიქსირდება და არ აქვს მნიშვნელობა მაღალი ქულებით თუ დაბალი ქულებით. რა თქმა უნდა სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მხარდაჭერას.

აღნიშნული მოდელი შემუშავდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან თანამშრომლობით, სადაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოდელები. როდესაც მმართველმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 100%-ით დაგვეფინანსებინა სასწავლო პროცესი, გავიზიარეთ მოდელი, რაც იმ ქვეყნებშია, სადაც სახელმწიფოს მხრიდან სწავლის დაფინანსება ხდება და გარკვეული ეტაპის შემდეგ ეს უნდა იყოს სასწავლო პროცესის შედეგებზე დაფუძნებული მოცემულობა“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება მობილობას, მინისტრის განმარტებით, მობილობის შემთხვევაში, „სტუდენტს დაგროვილი კრედიტებიდან გამომდინარე სწავლის დაფინანსების სქემა გადაჰყვება, მაგრამ თუ კერძო უნივერსიტეტში გადავა, იქ დაფინანსება აღარ ექნება".