ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ახალი ოფიციალური წარმომადგენელი ჰყავს. ელჩის მოვალეობას ამიერიდან კარიერული დიპლომატი ემი დიაზი შეასრულებს, რომელსაც მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ახალი მოვალეობის ფარგლებში ის იქამდე იმუშავებს, ვიდრე ვაშინგტონი საქართველოში ახალ ელჩს ოფიციალურად დანიშნავს. ახალი წარმომადგენლის დანიშვნის პარალელურად, პოლიტიკური დისკუსიის თემად რჩება, რატომ არ ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ამ დრომდე სრულუფლებიანი ელჩი და რა გავლენას მოახდენს ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ემი დიაზი თბილისსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მიმართ კვლავ კრიტიკულია და ურთიერთობების რეალური გადატვირთვა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.