სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა და ანგარიშებზე არსებული თანხები ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო. აღნიშნულის თავიდან აცილების საბაბით, მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილ 48 983 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია ორი პირი. სამართალდამცველებმა, სხვადასხვა დროს, საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: მათ შორის 79 აბი „სუბუტექსი“ და 12 აბი ემ დი ემ ეი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.