პრემიერი - ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს - არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ჯო უილსონი - Palitra News

პრემიერი - ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს - არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ჯო უილსონი

2026-08-02 14:13:09+04:00

ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კომუნიკაცია გრძელდება ამერიკელ პარტნიორებთან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული მხარე „მოთმინებით ელოდება“ ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს.

„ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. იმედია, რომ ჩვენ ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებაზეც ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მათ „არ აინტერესებთ რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი“.

„ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი. ამ ყველაფერს გარედან აკეთებდნენ. ეს არის ხელოვნურად თავს მოხვეული მოვლენა ჩვენს ქვეყანაში - სიძულვილი, აგრესია. ამ მასშტაბის სიძულვილი და აგრესია არის ხელოვნურად თავს მოხვეული ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რასაც უნდა შევებრძოლოთ.

ასევე, მინდა ბატონ ჯო უილსონს შევახსენო, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია პირდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში, მათ შორის წინა ადმინისტრაციის პირობებშია ამერიკის საელჩო და პირადაც ელჩი იყო ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით. შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ სჭირდება სიძულვილი, სჭირდება პირიქით, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი დავამარცხოთ. სიძულვილი არის განვითარების შემაფერხებელი მოვლენა“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს და ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება.

მანვე დააანონსა, რომ მალე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც „წინააღმდეგობას გაუწევს ამ „ვოუქ“ ცენზურას“.

მანამდე, საქართველოში აშშ-ს საელჩომ „რადიო თავისუფლების“ კითხვას, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაპატიმრებასა და ახლად შექმნილ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“, უპასუხა, რომ „შეშფოთებულია ამ სამმართველოს შექმნით.“

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, - განუცხადეს საელჩოში „რადიო თავისუფლებას“.