„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ ვანო ზარდიაშვილი შვებულებაშია - Palitra News

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ ვანო ზარდიაშვილი შვებულებაშია

2026-08-02 15:14:48+04:00

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში იმყოფება. ამის შესახებ მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე იგი ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის პირველ მოადგილედ უკვე დავით ვარდიაშვილი დანიშნა.

“ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს!

მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელებაა.

ამ ეტაპზე იგი ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო ირაკლი კობახიძემ მის პირველ მოადგილედ უკვე დავით ვარდიაშვილი დანიშნა, რომელიც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან გადაიყვანეს

საგულისხმოა, რომ ვანო ზარდიაშვილის ანაზღაურებამ 2025 წლის განმავლობაში 215 218 ლარი შეადგინა ხალხს კი ორჯერ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაეთიშა.

„ქოცების“ გამო სწორედ ასეთ შედეგს ვიღებთ, როდესაც სახელმწიფო უწყებებში პროფესიონალიზმის ნაცვლად პარტიული ნიშნით დანიშნული კადრები, არაკომპეტენტურობა, კორუფცია და უპასუხისმგებლობა დომინირებს.

თუმცა მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია:

მხოლოდ ზარდიაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა, ან რატომ ინარჩუნებს კვლავ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარის მაღალანაზღაურებად თანამდებობას?

სწორედ ნარმანია გვიმტკიცებდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება აუცილებელი იყო, რათა ავარიული გათიშვები აღარ განმეორებულიყო.

რეალობაში კი საქართველო ორჯერ ჩაბნელდა!

თუ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მაშინ ის მხოლოდ ერთ ადამიანს არ უნდა შეეხოს, ასევე, ბიძინა ივანიშვილის კრიპტო-მაინინგთან დაკავშირებული ბიზნესების ელექტროენერგიის ტარიფებზე კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია”,- წერს ფარულავა.

ცნობისთვის, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2025 წლის მაისში დაინიშნა.