“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 5 აგვისტოს პარტიის ყრილობას გამართავს, სადაც პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ყრილობის მოახლოების პარალელურად პარტიაში შიდა დაპირისპირება გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მისი განცხადებები პარტიას აზიანებს და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება. მათი შეფასებით, ბოკუჩავას პოზიცია, რომლის მიხედვითაც დაგეგმილი ყრილობა არალეგიტიმურია, ვერ გახდება პარტიის საქმიანობის შეფერხების საფუძველი. თავის მხრივ, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საუბარი თითქოს ის პარტიას საფრთხეს უქმნის, „იაფფასიანი მანიპულაციაა“ და აღნიშნავს, რომ მსგავსი ბრალდებები იმ პირებისგან მოდის, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები. პარტიაში მიმდინარე პროცესებს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ.