შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა. უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში უცნობი მომხმარებელი არასრულწლოვანების და მათი მშობლების ღირსების შემლახავი შინაარსის დამონტაჟებულ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ის 10 000 ლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამ ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.